Tbilisi
(სპორტის სასახლის სიახლოვეს)
თავისუფალი ენციკლოპედია „ვიკიპედია“ 2011 წლის 15 იანვარს შექმნიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცვლილებები და დამატებები შეიტანოს.
პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტის მომხმარებლებს შორის და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ქართულ ენაზე, ამ დროისთვის, 45 ათასზე მეტი სტატია არსებობს.
ვიკიპედიის მეათე წლის აღსანიშნავად მონაწილეები მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, აპირებენ ზეიმის მოწყობას. საქართველოში საიუბილეო ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დახმარებით.
საზეიმო ღონისძიებები ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში 15 იანვარს, 15:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება დაიწყება ვიკიპედიის დამფუძნებლის, ჯიმი უელსის ვიდეომიმართვის ჩვენებით. მიმართვაში ჯიმი უელსი საუბრობს ვიკიპედიის ისტორიაზე, მის აწმყოზე და მომავლის პერსპექტივებზე.
დამფუძნებლის მიმართვის შემდეგ მოხდება პრეზენტაციის წარდგენა, რომელშიც იქნება აღწერილი ვიკიპედიის სტრუქტურა.
პრეზენტაციაში იქნება მოთხრობილი იმ ლიცენზიის შესახებ, რომლითაც ვიკიპედიის შინაარსი ვრცელდება და იმ პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელსაც „ვიკიპედია“ იყენებს.
პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ დაგეგმილია უცხოელ ვიკიპედიელებთან კავშირის დამყარება, რაც იქნება ერთგვარი ტელეხიდი ქვეყნებს შორის. ამ ხიდის მსვლელობისას განსაკუთრებული ადგილი დათმობილი ექნება ბაქოელ ვიკიპედიელებთან საუბარს.
ღონისძიების ბოლოს გაიმართება პრეს-კონფერენცია, რომელშიც ნებისმიერს შეეძლება კითხვის დასმა და პასუხის მიღება.